მმართველ გუნდში ეჭვობენ, რომ მათმა ოპონენტებმა განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე, მეთერთმეტე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ცნობამდე, კანონის დარღვევით იმიტომ შეადგინეს, რომ შემდეგ კანონის დაცვით აღარ დაწერონ და რეალურად მანდატებზე უარის თქმა არ მოუწიოთ.
"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ განმარტეს პროცედურები და თქვეს, რომ ოთხი ბარიერგადალახული პოლიტიკური სუბიექტის მოთხოვნა იურიდიულ ძალას მხოლოდ მას შემდეგ შეიძენს, რაც, მანდატების გაუქმების მოთხოვნით, პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ. მათივე განმარტებით, ოპოზიციას სიების ჩახსნა სხვა მოცემულობით, არ შეუძლია.
"რასაკვირველია, არჩევნების წინ შეეძლოთ, ჩაეხსნათ სიები, უარი ეთქვათ, მაგრამ ეს არ გააკეტეს იმის მოლოდინში, რომ ჰქონოდათ რესურსი, ეს ქვეყანა როგორმე აერიათ. მათი მიზანი არ არის კანონშემოქმედებითი საქმიანობა. კანონიც კარგად იციან - როგორც კი პარლამენტი გახდება უფლებამოსილი, მაშინაც შეიძლება შემოიტანონ სიების განულებაზე თავისი წინადადებები, მაგრამ მთელი სია უნდა გააუქმონ, მათ შორის იმ ადამიანებისა, რომლებიც გამსვლელების გარდა კიდევ არიან, რათა მათ არ გამოხატონ სურვილი შემოსვლისა. ანუ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ ახლახან წარსულში, რაც მოხდა - მათ განაცხადეს, ერთმა განაცხადა, მაგრამ საერთო აზრი იყო, რომ ისინი იქნებიან პუფები, თუ შემოვლენ პარლამენტში. იქცნენ პუფებად და შემოვიდნენ პარლამენტში. ზუსტად იგივე პროცესს ველოდებით ახლაც," - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.