ტაჯიკი ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული რამდენიმე წუთში სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.
ანალოგიური ბრალდებით დაკავებულ სამ პირს კი გუშინ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
"კურიერმა" დაზარალებულების ჩვენება მოიპოვა, სადაც ნათქვამია, რომ გამტაცებლებმა, ბიზნესმენები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბრალდებას არ ადასტურებენ დაკავებულები და დუმილის უფლებას იყენებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ზელიმ ბაკაევის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ის ერთ-ერთია ოთხ დაკავებულს შორის, რომელსაც გამოძიება ბიზნესმენებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ფულის გამოძალვას ედავება.
ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ ბაკაევის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იყოს პატიმრობა, დაცვის მხარე კი სასამართლოზე გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.
ზელიმ ბაკაევის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავება, არ შეესაბამება სინამდვილეს. ტარიელ კაკაბაძის მტკიცებით, დაცვას გააჩნია მტკიცებულებები და არსებობენ მოწმეები.
"ე.წ დაზარალებულ, ე.წ ბიზნესმენებს, ჰქონდათ ფულადი ვალდებულება ბრალდებულების მიმართ და როდესაც მოხდა ამ თანხის მოთხოვნა, რა თქმა უნდა კანონიერად, იმისთვის რომ მოეშორებინათ ბრალდებულები, დააბრალეს თითქოს იძალადეს მათზე. ეს არის ტიპიური ცრუ დასმენა, როდესაც სინამდვილეში არანაირ ძალადობას, მუქარას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია. არცერთი ვიდეო მტკიცებულებით, რომელიც წარმოდგენილი აქვს ბრალდების მხარეს, არ დასტურდება ბრალდების მხარის პოზიციის ნამდვილობა, პირიქით დასტურდება ბრალდებულთა უდანაშაულობა. ბრალდების მხარე არის მხოლოდ და მხოლოდ ცრუ დამსმენი დაზარალებულების ჩვენების იმედზე, რომელსაც ჩვენ დავუპირისპირებთ ნეიტრალურ დამაჯერებელ უტყუარ მტკიცებულებებს და ამ საქმეზე დადგება სრული გამამართლებელი განაჩენი,"- აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.