მარნეულში "ქართული ოცნების" საარჩევნო სპეციალისტს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ექიმის ინფორმაციით, თემურ შუბითიძეს სახის ძვლები აქვს დაზიანებული. როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, შუბითიძეს სამსახურში მიმავალს უცნობი პირები აედევნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაზარალებული თემურ შუბითიძის დედა აცხადებს, რომ მის შვილზე თავდასხმა საარჩევნო კამპანიიდან ჩამოშორების მიზნით მოხდა.
"ჩემი შვილი ვნახე და ძალიან ცუდ დღეშია, ნაცემია და ვერაფერს ვერ გეტყვით. ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინათ, რომ ჩემი შვილი ამ საარჩევნო კამპანიას გამოეთიშა და ურტყამდნენ თავში და სახეში. შედეგი მიიღეს - აქვს სახის ძვლების მოტეხილობა," - აცხადებს დაშავებულის დედა ნატალია გოგოლაძე.
ექიმის თქმით, თემურ შუბითიძეს სახის ჭრილობები და სახის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება.
"ჩატარებული კვლევებით ვერიფიცირებულია სახის ძვლების მოტეხილობა. სხვა დაზიანებები არა აქვს. აქვს სახეზე ჭრილობები. პაციენტი გონზეა, ნათელი ცნობიერება, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია," - აცხადებს ექიმი მიხეილ ბერიაშვილი.
შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს დილის საათებში მარნეულში მოხდა, რა დროსაც "ქართული ოცნების" საარჩევნო სპეციალისტს თავს 3 ადამიანი დაესხა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
"ქართული ოცნების" წევრები მათი წარმომადგენლის მიმართ მიზანმიმართულ პროვოკაციასა და ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ.