03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
„მოგვაქციოს მთავრობამ ყურადღება და ნუ გვაპირისპირებს ქრისტიანულ მრევლთან,“ - სოფელ მოხეს მუსულმანი მოსახლეობა

„მოგვაქციოს მთავრობამ ყურადღება და ნუ გვაპირისპირებს ქრისტიანულ მრევლთან,“- ეს განცხადება ”კურიერის” ჟურნალისტთან საუბრისას სოფელ მოხეს მცხოვრებმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნა დაკავებულების უპირობო გათავისუფლებაა.

მასშტაბური აქციების გამართვაზე გაამახვილა ყურადღება ხულოს მუფთმა, რომელიც აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პატიმრობაში მყოფ 14 პირს არ გაათავისუფლებენ, ისინი აქციებს არა პოლიციის შენობასთან, არამედ სხვა ტერიტორიაზე გამართავენ და აქციები მხოლოდ დღეს არ ჩატარდება.

სოფელ მოხეში დაკავებულ 14 ადამიანს კი ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ახალციხის პოლიციის სამმართველოსთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადიგენის რაიონის 11 სოფლის მცხოვრებლები.

ისინი, დაკავებულთა გათავისუფლებასთან ერთად, სოფელ მოხეში სადავო შენობის კვლავ მეჩეთად გადაკეთებას ითხოვენ. შენობას კი ათწლეულების განმავლობაში კულტურის სახლის სტატუსი ჰქონდა. ამჟამად იქ შენობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მისი ბიბლიოთეკად გადაკეთება იგეგმება. სწორედ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას მოჰყვა დაპირისპირება სოფელ მოხეში გუშინ ადგილობრივ მუსლიმებსა და პოლიციას შორის, რის შემდეგაც 14 ადამიანი დააკავეს.

დღის ამბები