პროკურატურამ კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს ფულის გამოძალვის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. ამ თემაზე საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში 14 საათზე გაიმართა. გამოძიების ინფორმაციით, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის 5 ფაქტზე გამოძიება დაასრულა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2008-2009 წლებში საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსი, ე.წ. იმერეთის უშიშროების უფროსი კონსტანტინე არჩაია, კუდის თანამშრომლების დახმარებით იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებს თანხას სძალავდა, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა.
კერძოდ, გამოძიების ცნობით, 2008 წლის აგვისტოს თვეში კონსტანტინე არჩაიამ მის დაქვემდებარებაში მყოფ კუდის ოპერატიულ თანამშრომელს კონსტანტინე ჭეიშვილს უკანონო დავალება მისცა, რადგან მას ფულადი სახსრები სჭირდებოდა. ამ უკანსკნელს უნდა მოეძიებინა კონკრეტული მეწარმეები, რომლებიც შეძლებდნენ აღნიშნული თანხების გადახდას.
დავალების შესრულების მიზნით, კონსტანტინე ჭეიშვილი დაუკავშირდა შპს „ლაგი“-ს დირექტორს ლაშა კვირიკაძეს და სამომავლოდ პრობლემების თავიდან აცილების სანაცვლოდ ფულადი თანხების შეწირვა მოსთხოვა. აღნიშნულზე, დაზარალებულმა ბიზნესმენმა კონსტანტინე ჭეიშვილის მოთხოვნით, 15 ათასი ლარი ჩარიცხა კუდთან დაახლოებული კერძო პირის გიორგი კენჭაძის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც თანხა კონსტანტინე არჩაიას ხელში აღმოჩნდა.
ანალოგიურად, 2008 წლის აგვისტოს თვეში კონსტანტინე არჩაიამ ფული შპს „ლუქსი“-ს წარმომადგენლებსაც გამოსძალა. გამოძიების ცნობით, არჩაიას დავალებით მოქმედმა კონსტანტინე ჭეიშვილმა იმერეთის კუდის შენობაში დაიბარა შპს „ლუქსი“-ს დირექტორი ზაზა ვაშაკიძე და მას სამომავლოდ პრობლემების თავიდან აცილების სანაცვლოდ ფულადი თანხების გადახდა მოსთხოვა. მოსალოდნელი გართულებებისგან თავის არიდების მიზნით, კომპანიის წარმომადგენლებმა 100 ათასი ლარი გადაიხადეს. თანხა კონსტანტინე ჭეიშვილმა, დავალებისამებრ მის ხელმძღვანელ კონსტანტინე არჩაიას გადასცა.
ბრიფინგზე პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ხსენებული კომპანიის წარმომადგენლები კვლავ გახდნენ კონსტანტინე არჩაიას უკანონო ქმედებების მსხვერპლი. ისინი აიძულეს დამატებით გადაერიცხათ 10 ათასი ლარი. მთლიანობაში კონსტანტნე არჩაიას და კუდის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ზეწოლის და იძულების პირობებში კომპანიას გამოსძალეს 110 ათასი ლარი.
ვინაიდან კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი კონსტანტინე არჩაია საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება, მას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის დაუსწრებლად წარუდგინეს.