რამ გამოიწვია 139-ე საჯაო სკოლაში მოსწავლეების ინტოქსიკაცია განათლების სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ. სპეციალისტების დასკვნას ელოდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც.
„სახეზეა ინტოქსიკაციის პროცესები, თუმცა გამომწვევი მიზეზები უცნობია, გამორიცხულია საკვებითა და წყლით გამოწვეული ინფექცია, სხვა დანარჩენებზე კვლევა მიმდინარეობს,“ - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი.
ფაქტის შესწავლას ერთდროულად ჯანდაცვის, განათლებისა და შს სამინისტროები აწარმოებენ, თუმცა კონკრეტულ განცხადებას ვერცერთი უწყება ვერ აკეთებს. განათლების სამინისტროში ასევე არ იციან როდის აღდგება სწავლა 139-ე საჯარო სკოლაში.
„ყველა ზომა იქნა მიღებული, რომ ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული. ამ დროისთვის სკოლა დალუქულია, შესვლა აკრძალულია, კრიმინალური პოლიცია მუშაობს,“ - აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი ქეთი გრიგოლია.
შსს-ს ინფორმაციით საქმე აღძრულია 248-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევას, რაც მასობრივ დაავადებებსა და მოწამვლის ფაქტებს იწვევს. ქიმიურ-ლაბორატორიული კვლევის შედეგებს შსს საგანგებო სიტუაციების სამსახური გამოაქვეყნებს.