ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მას შემდეგ, რაც მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც მოგვიანებით არ დადასტურდა, ჟურნალისტებთან პირველად გამოჩნდა.
თენგიზ ცერცვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსად, არცერთხელ ხმამაღლა არ განუცხადებია გადადგომის სურვილის შესახებ, მათ შორის, არც პრემიერთან.
"მე არცერთხელ არ განმიცხადებია, რომ ვაპირებდი გადადგომას, ეს გააჟღერა ზოგიერთმა ტელევიზიამ. ასე რომ, თქვენ არ გაქვთ არანაირი არგუმენტი, რომ ერთხელ მაინც სადმე მეთქვას, რომ გადადგომას ვაპირებდი, ასეთი რამ, მე არ მითქვამს.
არ დაგიმალავთ, ჩემთვის ასეთ შესაძლებლობას განვიხილავდი, მაგრამ არსად განმიცხადებია. ჩემთვის ვფიქრობდი, რა სჯობდა - გამეგრძელებინა საქმიანობა, თუ გადავმდგარიყავი. ყველა ადამიანს შეიძლება დაუდგეს ასეთი მომენტი. მიზეზებზე რომ მნდომოდა საუბარი, ვისაუბრებდი. პრემიერ-მინისტრთან არანაირი საუბარი ამ თემაზე არ მქონია, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ კოვიდის მართვის ოპტიმიზაციაზე. არცერთხელ ჩემი გადადგომის საკითხი პრემიერამდე არ მიმიტანია და არც მას უსაუბრია,"-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.