03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
უმრავლესობასა და უმცირესობას რელიგიურ საკითხებზე ერთიანი პოზიცია აქვთ

სოფელ მოხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას ერთიანი პოზიცია აქვს.

ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლება რელიგიურ თემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. თუმცა ამ ნიადაგზე კონფლიქტების თავიდან აცილებისთვის აუცილებელია საზოგადოებამ გაიაზროს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია.

მუსლიმ მოქალაქეებს ბოდიშს უხდის უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია. ის აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულ რელიგიათა საბჭოს, რომლის საქმიანობის მთავარი მიზანი სწორედ რელიგიურ ნიადაგზე გაუგებრობის აღმოფხვრაა.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ადიგენის რაიონში მომხდარ ინციდენტს "საზოგადოებრივ-კულტურულ" გადმონაშთს უწოდებს, რომელსაც, მისი აზრით, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთობლივად ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაუსვან წერტილი. მისივე თქმით, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებების თავიდან აცილების მიზნით, თავის დროზე, პარლამენტმა სპეციალური კანონი მიიღო.

„ის, რომ რელიგიური უმცირესობები თუ ნებისმიერი სხვა უმცირესობების უსაფრთხოება და უფლებების დაცვა უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, ამაზე ორი აზრი არ არის. ჩვენ სწორედ ამიტომ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი,“ - განაცხადა  ვიქტორ დოლიძემ.

უმრავლესობის დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ საკითხზე ემოციური განხილვა და ვითარების გამწვავება საჭირო არ არის. ამავე აზრზეა უმცირესობა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ზურაბ ჯაფარიძეს იმედი აქვს, რომ ხელისუფლება ამ და სხვა მსგავს თემებს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება, რადგან კონფლიქტების გაღვივება, პირველ რიგში, რუსეთის ინტერესებში შედის.

„სამწუხარო ფაქტია. ეს ძალიან ფაქიზი თემაა, ამიტომ მთავრობა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს მას. რელიგიური გრძნობების გამოყენება და ამის ნიადაგზე კონფლიქტების გაღვივება ნამდვილად არ შედის საქართველოს ინტერესებში, ეს შედის რუსეთის ინტერესებში და იმედი გვაქვს, რომ მთავრობა ამას სიფრთხილით მოეკიდება,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები