19 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
უშუალოდ ზუგდიდელი რომ იყო, ამას რაღაც ვერ ვამსგავსებ - ლაშა შენგელია

ტოვებდა თუ არა თავდამსხმელი შთაბეჭდილებას, რომ ის უშუალოდ სამეგრელოდან იყო - ამ კითხვაზე ყოფილი მძევალი ლაშა შენგელია პასუხობს. "დღის კურიერის" ეთერში ლაშა შენგელია აღნიშნავს, რომ თავდამსხმელი სამეგრელოს მკვიდრის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა უშუალოდ ზუგდიდელისას - არა. ყოფილი მძევალი ასევე აღნიშნავს, რომ თავდამსხმელი მეგრულად საუბრობდა, თუმცა მეგრულად რამე განსაკუთრებული არ უთქვამს.

"სამეგრელოდან, რომ იყო ამისას კი, მაგრამ უშუალოდ ზუგდიდელი რომ იყო, ამას რაღაც ვერ ვამსგავსებ იმიტომ, რომ ზუგდიდელებმა სხვანაირი ლაპარაკი იციან მეგრულად. ისეთი, რომ რაღაც გამორჩეული ეთქვა, მსგავსი არ ყოფილა, რომ ვინმე კუთხურად მიმემსგავსებინა," - განაცხადა ლაშა შენგელიამ.

დღეს მედიაში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ერთადერთი ეჭვმიტანილის ვინაობა დასახელდა. გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, პირი, რომელიც "საქართველოს ბანკში" შეიჭრა, ბადრი ესებუაა.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის 2 საათისთვის შეიჭრა, ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია 3 მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით - 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

დღის ამბები