ბათუმში Orbi Beach Tower-ის მშენებლობა დღეიდან დაიწყო. შენობას საძირკველი კი რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჩაუყარეს.
აღნიშნული მშენებლობაში 50 მილიონი ლარი დაიხარჯება და 1000 ნომრიანი სასტუმრო აშენდება.
"ორბი ჯგუფი" ძალიან წარმატებული კომპანიაა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკაში. მათ განხორციელებული აქვთ 450 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია, რაც მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ჩვენი ქვენის ეკონომიკის გაძლიერების საქმეში. მთავრობის სახელით, მინდა დავუდასტურო მხარდაჭერა კომპანიას, მის მენეჯერებს, რომლებიც ძალიან წარმატებულ საქმიანობას ეწევიან. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ზოგადად აჭარაში და საქართველოში მშენებლობები სერიოზული ტემპებით ვითარდება. გასულ წელს გვქონდა 27%-იანი ზრდა მშენებლობაში, წელს აჭარაში უკვე გაიხსნა რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასე, რომ ამ მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება.
დღესვე პრემიერ-მინისტრმა ბათუმში კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ლეო გრანდი" გახსნა.
სასტუმროში, რომელსაც 180 ნომერი აქვს 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.
მთავრობის მეთაურმა ბათუმელებს წარმატებული პროექტის განხორციელება მიულოცა და თურქ ინვესტორს საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა.
"ეს არის უკვე მეორე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ჩვენ ბათუმში გავხსენით. წელს კიდევ რამდენიმე სასტუმრო გაიხსნება. დინამიკა ოპტიმისტურია, ტურისტების რაოდენობა იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სასტუმროში 700 ადამიანი დასაქმდა.