19 მაისი 2024,   15:16
ვრცლად
ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს

ფაქტი, რომ კენჭისყრიდან მესამე დღეს ამერიკელებმა ჯერ კიდევ არ იციან, ვინ გახდება აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი, შტატების ისტორიაში ამ არჩევნებს უპრეცენდენტოს ხდის. ხმების დათვლა ისევ გრძელდება. ცნობილი ჯერჯერობით მხოლოდ პირველადი შედეგებია.

ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს. პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს 264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 214.

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა მიჩიგანის, პენსილვანიისა და ჯორჯიის შტატებში ხმის დათვლის პროცესის შეჩერების მოთხოვნით სარჩელები შეიტანა, რაც "დემოკრატებმა ასე აღიქვეს, რომ რესპუბლიკელებმა" იციან, რომ არჩევნები წააგეს.

"მე აქ იმისთვის არ ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, არამედ იმისთვის, რომ გაცნობოთ: გვჯერა, როდესაც ხმის დათვლა დასრულდება, გამარჯვებულები ჩვენ ვიქნებით. დემოკრატიას ვერავინ წაგვართმევს," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დონალდ ტრამპის ადვოკატის თქმით კი, 400 000 ხმით ლიდერობდნენ და ეს უყურადღებოდ არ დარჩება. რუდი ჯულიანის განცხადებით, ისინი ხმების ხელახლა დათვლას მოითხოვენ.

"როგორც ჩანს "დემოკრატებს" სულელები ვგონივართ, 400 000 ხმით ვლიდერობდით, უცებ ყველაფერი იცვლება და ლიდერობას ვკარგავთ, ფიქრობთ ეს ყურადღების გარეშე დარჩება? ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ, რომ ხმები განმეორებით დაითვალონ, ჩვენ რეალურად არჩევნები მოვიგეთ, ამის დასადასტურებლად მხოლოდ ხმების სწორად დათვლაა საჭირო," - აცხადებს დონალდ ტრამპის ადვოკატი.

აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ არჩევნებზე რაიმე სახის გარე ზეგავლენა და ჩარევა არ მომხდარა და მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან.

უწყების ხელმძღვანელის ქრისტოფერ კრებსის განაცხადებით, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ რომელიმე უცხო სახელმწიფომ შეძლო ხელი შეეშალა ამერიკელებისთვის ხმის მიცემის პროცესში ან შეეცვალა ხმების რაოდენობა.

"ჩვენ ფხიზლად ვიქნებით, რომ რომელიმე უცხო სახელმწიფომ მიმდინარე ხმის დათვლის პროცესს და შედეგების საბოლოო დამოწმებას ხელი არ შეუშალოს. ამერიკელი ხალხი თავდაცვის უკანასკნელი ხაზია უცხოური გავლენის მცდელობების წინააღმდეგ და ჩვენ მხარს ვუჭერთ მოთმინების გაგრძელებას უახლოეს დღეებსა და კვირებში," - აცხადებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი.

ანალიტიკოსები ორივე პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს არადემოკრატიულ რიტორიკაში ადანაშაულებენ. ექსპერტებისთვის განსაკუთრებით მიუღებელი ის ფაქტი აღმოჩნდა, რომ კანდიდატებმა თავი გამარჯვებულად ხმების დათვლამდე გამოაცხადეს. ანალიტიკოსები ამ გარემოებას დემოკრატიის სისუსტედ აღიქვამენ.

"არჩევნების შედეგები განისაზღვრება ხალხის ხმებით და არა პოლიტიკოსების განცხადებებით, მაშინაც კი, თუკი ეს პოლიტიკოსები პრეზიდენტი ან პრეზიდენტობის კანდიდატი არიან. "მე გავიმარჯვე" ეს არის გამონათქვამი, რომელსაც დიქტატორები იყენებენ და მას დემოკრატიული ქვეყნების საპრეზიდენტო კანდიდატები, საბოლოო შედეგებამდე არ უნდა ამბობდნენ," - პოულ ბერმანი-ჯორჯ ვაშინგტონის სამართლის სკოლის პროფესორი.

როგორც ექსპერტებმა წინასაარჩევნო პერიოდში იწინასწარმეტყველეს და ივარაუდეს, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის გამო საზოგადოების ნაწილმა ხმა მისცა ფოსტის მეშვეობით და საკმაოდ დიდი რაოდენობაა ასეთი ბიულეტენების. მათ დათვლას გარკვეული პერიოდი სჭირდება, შესაბამისად იყო მოლოდინი იმისა, რომ ხმების დათვლას დასჭირდებოდა რამდენიმე დღე. ზუსტ თარიღს და კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებენ ვერც ექსპერტები, ვერც მედია, თუმცა კიდევ ერთი დეტალია მნიშვნელოვანი, ვადის გახანგრძლივებასთან ერთად ამ არჩევნებს უპრეცენდენტოს ქმნის ის გარემოებაც, რომ ექსპერტებიც, დამკვირვებლებიც და მედიაც საუბრობს იმაზე, რომ ეს არჩევნები ქვეყნის ისტორიაში გამოკვეთილად პოლარიზებული იყო.

დღის ამბები