"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის ბრალდებას გამოეხმაურნენ, რომელმაც ორგანიზაცია ყალბი ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელებაში დაადანაშაულა.
საიას აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა დიასამიძე აცხადებს, რომ ეს არ ყოფილა ინფორმაციის გავრცელება, არამედ საჩივარი, რომელიც ორგანიზაციამ შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირებული დისბალანსის გამო შეიტანა.
"მონაცემები ფაქტობრივად არალოგიკური იყო. ხელმოწერების რაოდენობას ძალიან ბევრჯერ აღემატებოდა ისეთი ციფრები იყო მითითებული. შესაბამისად, ეს იყო საფუძველი, რომ მოვითხოვეთ გადათვლა და ყველანაირი ეჭვი, რაც იყო შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით, გადაწყდა. იქ ყველამ ერთად ვნახეთ, გადავითვალეთ და გასწორდა. არანაირი სიცრუე არ გაგვივრცელებია, იყო საჩივარი დაწერილი, რომ აშკარად იყო დისბალანსი. ეს დისბალანსი იყო გასაჩივრებული, ინფორმაციის გავრცელებას ადგილი არ ჰქონია,"-განაცხადა პაატა დიასამიძემ.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე აცხადებს, რომ მე-19 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით საოლქო კომისიაში ყველაზე მეტი საჩივარი შევიდა. მისივე თქმით, სწორედ ეს გახდა ხმების ხელახლა გადათვლის საფუძველი, რა დროსაც შემაჯამებელი ოქმის სისწორე დადასტურდა.
"რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად ზოგიერთ საუბნო საარჩევნო კომისიაში მოუვიდა შეცდომა, ტექნიკური ხარვეზი, საიდანაც ზოგიერთი ჩასწორდა ახსნა-განმარტებით. რაც შეეხება მე-19 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგებს, ოლქში ყველაზე მეტი საჩივარი შემოვიდა ამ უბანთან დაკავშირებით, ოლქმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ეს არის ნათელი მაგალითი, რომ ზუსტად იგივე რაოდენობა, იგივე ხმები და იმავე სუბიექტების მიერ მიღებული ხმები იყო იმავე პაკეტში ჩადებული, როგორც იყო პაკეტზე გარედან დაწერილი - ანუ, არანაირი ზედმეტი ხმა, არანაირი ზედმეტი ბიულეტენი და არანაირი ზედმეტი გადაცდომა არ ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიას,"-აცხადებს ციალა შავაძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. "ღამის კურიერში" შალვა პაპუაშვილმა ბათუმის მე-19 უბანზე არსებული შემაჯამებელი ოქმი წარმოადგინა, სწორედ ამ უბანზე არსებულ ხარვეზებზე მიუთითებდა არასამთავრობო ორგანიზაცია.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლის განცხადებით, საიამ ცესკოს მიერ შესწორებული ოქმი მიზანმიმართულად არ გაასაჯაროვა.