04 სექტემბერი 2026,   23:46
ვრცლად
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვირუსის პიკის მოახლოების შესახებ აფრთხილებს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

ქვეყნის პირველი ეპიდემიოლოგი ამირან განყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვირუსის პიკის მოახლოების შესახებ აფრთხილებს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი და რამდენი ხანი გაგრძელდება, ამის პროგნოზი რთულია. მისი თქმით, სწორედ ამ პერიოდში აქტიურდება სხვა რესპირაციული ვირუსები, აქედან გამომდინარე, ის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ, გრიპის საწინააღმდეგო აცრისკენ მოუწოდებს. 

"პანდემია უფრო და უფრო ფართოვდება, უკან არ იხევს და ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. იგივე ჩანს ჩვენი ქვეყნის მაჩველებელზეც, დაახლოებით ვაკეთებდით პროგნოზს, რომ ნოემბრის შუა რიცხვები საკმაოდ მძიმე იქნება, ჩვენ გავალთ პიკზე და პიკის პლატო რამდენი ხანი გაგრძელდება რთულია ამის პროგნოზირება. ნოემბრის მეორე ნახევარში უკვე ახალი რესპირაციული ვირუსები დაგვემატება, მათ შორის, გამოჩნდება გრიპი და იქნება ზედდება.

ეს ნიშნავს, რომ შევდივართ პიკში, სადაც რესპირაციული ვირუსების მოზღვავება იქნება. გვექნება შემთხვევების ზრდაც. ამიტომ ყველა მათგანისთვის ერთი და იგივე პრევენციული ღონისძიებებია - პირბადე, დიტანციის დაცვა, დიდი თავშეყრებისთვის თავის არიდება, ხელების ხშირი დაბანა," -განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბოლო 24 საათში, 182 მედ პერსონალი დაინფიცირდა.

"182 სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა 24 საათის განმავლობაში და ასევე გვაქვს კონტაქტები დაახლოებით 400-მდე. აქტიური შემთხვევა, ანუ ვინც გახლავთ სამედიცინო დაწესებულებებში, კოვიდსასტუმროებსა და ბინაზე არის 14 612, გამოჯანმრთელდა დღეს 2754, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი იზრდება, 72.5%-ია, სამწუხაროდ, გვაქვს 18 გარდაცვალების შემთხვევა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები