პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ასოცირების შეთანხმებასთან შეუსაბამოს უწოდებს. განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონპროექტზე გააკეთა.
მან ისაუბრა იმ ზიანზე, რაც შესაძლოა ამ კანონპროექტმა ქვეყანას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში მოუტანოს.
გიორგი აბაშიშვილი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგს და მასში გათვალისწინებულ 2 პუნქტს, რომლისგანაც ერთერთი ითვალისწინებს იმას, რომ ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და მეორე პუნქტი რომელიც ავალდებულებს ქართულ მხარეს, რომ რეგულაციები და ცვლილებები მომზადდეს ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ევროპის ცენტრალური ბანკის გამოცდილება და ასევე პროცესში ჩაერთონ ევროკავშირის ექსპერტები.
გირგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი ცუდად არის მომზადებული, მასში ჩანს პოლიტიკური მოტივები და ამის გამო შესაძლოა პრეზიდენტმა გამოიყენოს ვეტოს უფლება.
„აღნიშნული ცვლილებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ასოცირების დღის წესრიგთან. აღნიშნული ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ უკვე ღიად გაჟღერებულ პოზიციებთან. თავისთავად ცხადია პრეზიდენტი ვეტოს განიხილავს ყველა იმ კანონპროექტთან მიმართებაში, რომელიც ქვეყანას ზიანს მიაყენებს,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.