ჯაბაშვილების ოჯახი საზაფხულო და საშემოდგომო მოსავალს უკვე აღარ ელოდება. რამდენიმე დღის წინ მოსულმა სეტყვამ მათ ნარგავები და ნათესები მთლიანად გაუნადგურა. მათ მსგავსად სტიქიამ კიდევ რამდენიმე ოჯახი დააზარალა.
რამდენიმე დღის წინ ერთსაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ და სეტყვამ სოფელ გრემისხევში მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
3 დღის განმავლობაში დაზარალებულებთან ზარალის დასათვლელად ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მისულა. გრემისხეველები არც აგროდაზღვევით სარგებლობენ.
დახმარებას ითხოვენ სამეგრელოშიც, სადაც გუშინ ძლიერმა ქარმა ზუგდიდის, ჩხოროწყუსა და ხობის მოსახლეობას თხილის მოსავალი მთლიანად გაუნადგურა.
ადგილობრივების თქმით, თხილი მათი ერთადერთი შემოსავალია.
დაზარალებულებმა ზუგდიდის გამგეობასთან აქციაც გამართეს. მათ ნაწილს მოსავალი დაზღვეული აქვს, თუმცა კომპენსაცია არც მათ მიუღიათ.
კიდევ ერთ დაზარალებულ სოფელში დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი იმყოფებოდა.
დავით ბაქრაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სტიქიით დაზარალებულებს შეხვდა, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
საქართველოს რეგიონები ძლიერმა წვიმამ და ქარმა რამდენიმე დღის წინ დააზარალა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაითვლიან ზარალს და გადაეცემა თუ არა კომპენსაციები დაზარალებულებს.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე