03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთის მუფთი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

სამცხე-ჯავახეთის მუფთი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს. მამუკა ვაშაყმაძის განცხადებით, მას სურს პრემიერმინისტრს თავად მიაწოდოს ინფორმაცია ადიგენში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მამუკა ვაშაყმაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ადეკვატურ ზომებს არ მიიღებს, მუსლიმები რელიგიას და თავიანთ ინტერესებს თავად დაიცავენ.

„უკვე მეორე დღეა თბილისში ვიმყოფები, ვცდილობ შევხვდე საქართველოს პრემიერმინისტრს და ვუთხრა, რაც ხდება რეგიონში. ჩვენ მოგვატყუეს და წინასაარჩევნოდ გამოგვიყენეს. ახლა კი ჩვენზე ძალადობენ კარგად გაწაფული და ხალხზე მოძალადე პოლიციელები. ჯერ მინარეთის მოჭრა ვერ მოგვინელებია და ახლა უკვე თავში გვირტყამენ,“ - აცხადებს მამუკა ვაშაყმაძე „კურიერთან" საუბრისას.

სამცხე-ჯავახეთის მუფთმა რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებს. მამუკა ვაშაყმაძე იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დაგმობენ მომხდარს და მათ რიცხვს საქართველოს მთავრობაც შეემატება.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მეგობრებს და ძმებს არ გაათავისუფლებენ, ჩვენ უკიდურეს ფორმას მივმართავთ თავის და რელიგიის დასაცავად,“ - აცხადებს მამუკა ვაშაყმაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები