პარიზელი და არამხოლოდ პარიზელების მარადიული სიყვარულის სიმბოლო–ბოქლომი ლუვრის მუზეუმთან ახლოს მდებარე ხიდის მოაჯირებზე თანამედროვე მხატვრობამ–გრაფიტიმ შეცვალა.
საფრანგეთის დედაქალაქის მერიამ მეცხრამეტე საუკუნის ხიდის გადასარჩენად ბოქლომები მოხსნა და ხიდის გაფორმება 4 მხატვარს მიანდო. მათ ხიდი უჩვეულო საგამოფენო ადგილად აქციეს და მოაჯირები მოხატეს, ნახატების თემა კვლავ სიყვარულია.
პირველად მარადიული სიყვარულის სიმბოლო ბოქლომი მოაჯირებზე 2008 წელს გაჩნდა და მათი რიცხვი ბოლო 7 წლის განმავლობაში 70 ათასამდე გაიზარდა.
ბოქლომების რაოდენობასთან ერთად იმატა ხიდის დატვირთვამაც. მუშებს მოაჯირებიდან 45 ტონამდე ბოქლომის აღება მოუხდათ. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი ის გახდა, რომ შარშან საფრანგეთის ეოვნული ისტორიული ძეგლების სიაში შესული ხიდის მოაჯირმა სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩაინგრა.
უჩვეულო გამოფენა სიყვარულის ხიდზე სექტემბრამდე დარჩება. ოქტომბრიდან კი სიყვარულის ბოქლომებს მის მოაჯირებზე შუშის პანელები შეცვლის.
ავტორი:თამარ ჭავჭავაძე