საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ჯანდაცვის მინისტრი ესტუმრა. ეკატერინე ტიკარაძე სადისპეტჩერო ცენტრში არსებულ პრობლემებს გაეცნო. მინისტრმა, ასევე, პაციენტების დროულ ჰოსპიტალიზაციასა და ნაკადების სწორ მართვასთან დაკავშირებული დეტალები განიხილა.
"საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა. დეტალურად გავეცანით მათ პრობლემებს. საუბარი შეეხო პაციენტების ჰოსპიტალიზაციასა და ნაკადების მართვას, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს პაციენტების განთავსება როგორც სასტუმროებში, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეხვედრას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის და მართვის დეპარტამენტის უფროსიც ესწრებოდა. ამირან გოგიტიძეს განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე შემთხვევებზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ.
"მინისტრი პირადად გაეცნო სამუშაო პროცესსა და სადისპეტჩერო სამსახურის მუშაობს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები დანიშნულების ადგილზე ოპერატიულად მიდიან და შესაბამის რეაგირებას ახორციელებენ,"- განაცხადა ამირან გოგიტიძემ.