გალში, უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახს, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ახლა საერთაშორისო პარტნიორების იმედი აქვთ და ამბობენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას უპირობო გათავისუფლების საკითხის განხილვა უნდა მოხდეს.
"როგორც სახელმწიფო უწყებები გვაიმედებენ, საერთაშორისო უწყებები არიან ჩართული. ამ დღეებში იგეგმება შეხვედრა ჟენევაში, სადაც ირაკლის საკითხის განხილვა იქნება და მისი უპირობო განთავისუფლების მოთხოვნა იქნება დაყენებული, რაც ოჯახისთვის პრიორიტეტულია. წითელი ჯვრის მეშვეობით, მასთან წერილობით კომუნიკაცია გვაქვს. ამბობს, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა მას სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია და არ ვიცით, მისი ჯანმრთელობა რამდენად დამაკმაყოფილებელია,"- აცხადებს "კურიერთან" ირაკლი ბებუას ბიძაშვილი თამუნა ბებუა.
საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარს ირაკლი ბებუას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით შეუფარდეს. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზით მიიღო. უწყების განმარტებით, ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.
სუსის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე."
გალში მცხოვრები ირაკლი ბებუა ე.წ. აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს.