ძებნილი ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, ბრალი ოფიციალურად გვიან ღამით წარუდგინეს. პროცედურას წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბიძინა ესებუას ადვოკატიც ესწრებოდა.
სავარაუდოდ, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
მისი უფლებადამცველის განცხადებით, ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს და ძმასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ადვოკატები თვლიან, რომ ბიძინა ესებუას დაკავებით სამართალდამცველები ძებნილზე ზეწოლას ცდილობენ.
დაკავებულს იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვა და გადაზიდვაში ადანაშაულებენ, თუმცა "საქართველოს ბანკზე" მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ოჯახის წევრი ამტკიცებს, რომ მას იარაღი ჩაუდეს.
გამოძიება ეჭვობს, რომ ეს ნივთები ბრალდებულს ძმისთვის უნდა გადაეცა. ბიძინა ესებუა პოლიციამ მაშინ აიყვანა, როდესაც მამაკაცი მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და მიმალვა სცადა.