14 ოქტომბერი 2024,   18:06
ვრცლად
გენერლები ჯარს სტრატეგიას არ უწუნებენ - ხატია დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძეზე

გრიგოლ ვაშაძის წასვლის შესახებ მისმა თანაპარტიელებმა "ფეისბუკიდან" გაიგეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილისთვის, თავმჯდომარის გადაწყვეტილება აზრთა სხადასხვაობის მიუხედავად, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

"მე ნამდვილად არ შემიძლია ბატონ გრიგოლს განცხადებით წასვლა მოვუწოდო, რადგანაც კარგი იქნებოდა მანამდე პარტიასთან ჰქონოდა კომუნიკაცია. ვფიქრობ, რომ შეცდომაა მისი განცხადების ის ტექსტი, სადაც ამბობს, რომ პარტია თავს ესხმის ელჩებს. არცერთი ლიდერის მიერ არ ყოფილა ჩვენს პარტნიორ ელჩებზე თავდასხმა. მე არ ვიცი ვინ მოიხსენიებს იგი ოდიოზურ ფიგურებად, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც დღეს მის ამ ნაბიჯს აქებდნენ მმართველი პარტიიდან არიან. გენერლები ჯარს არ უწუნებენ სტრატეგიას, - ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გესმოდეს," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე. 

პარტიაში იმას ადასტურებენ, რომ სტრატეგიის შესახებ განსხვავებული პოზიციები არსებობდა.

"მისი წასვლა და ამ განცხადების ფორმა და შინაარსი, ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო. ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავიზიარებთ იმ განცხადების პათოსსა და შინაარსს, რომელიც მან ჩვენთან შეუთანხმებლად გამოაქვეყნა. რა თქმა უნდა აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ ეს ჩვეულებრივი რამ არის და ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ რა გახდა ამის მიზეზი კონკრეტულად არ ვიცი," - აღნიშნავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური.

სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე პარტიისთვის დიდი დანაკარგია, მაგრამ მის გადაწყვეტილებას მაინც პატივს სცემს. 

"ბატონი გრიგოლის განცხადება ყველასთვის მოულოდნელი იყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან დიდი დანაკარგია პარტიისთვის, ეს მისი გადაწყვეტილებაა და ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი. 

 

დღის ამბები