საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
სამძიმრის განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ თამარ ბერუჩაშვილის სახელით გაავრცელა.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ბატონ ალექსანდრე რონდელის, გარდაცვალების გამო.
"ფასდაუდებელია ბატონ ალექსანდრეს ღვაწლი საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში მრავალი მიმართულებით. მის სახელს უკავშირდება საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი და გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის დაარსება, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი წამყვან, საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტებს შორის.
"დიდია ბატონ ალექსანდრეს წვლილი მრავალი მაღალპროფესიული კადრის აღზრდასა და ფორმირებაში, რომელთა დიდი ნაწილი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც საქმიანობს. საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მის მიერ შექმნილი ნაშრომები დღემდე რჩება და დიდხანს იქნება მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში.
"მეამაყება, რომ პირადად ვიცნობდი, მრავალი წლის მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა მაკავშირებდა ბატონ ალექსანდრესთან. მათ შორის ჩვენი ბოლო შეხვედრა შედგა GFSIS-ის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე. დარწმუნებული ვარ მისი ღვაწლი აუცილებლად ჰპოვებს გაგრძელებას, როგორც აღნიშნული ცენტრის, ასევე ბევრი ადამიანის სახით, ვინც ეზიარა ბატონ ალექსანდრეს პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩემი სახელით სამძიმარს ვუცხადებ ბატონ ალექსანდრეს ოჯახის წვერებსა და ახლობლებს," - ნათქვამია სამძიმრის წერილში.