საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში, გიორგი გახარიამ ამის შესახებ საახალწლო მილოცვისას განაცხადა.
"მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი ჩვენს თითოეულ თანამემამულეს - საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ; ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს - ჩვენ მხოლოდ მათთან ერთად შევქმნით საქართველოს უკეთეს მომავალს.
ვულოცავ ჩვენს პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს - ყველას, ვინც დაუღალავად შრომობს ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ვულოცავ ბავშვებს, რომლებსაც ასე ახარებთ ახალი წელი. ვულოცავ ჩვენს უფროს თაობას, - მინდა იცოდეთ, რომ თქვენ განსაკუთრებულად გიფრთხილდებით.
ერთიანობა დაგვაძლევინებს ყველა განსაცდელს და მიგვიყვანს ქართველი ხალხის დიდი ხნის ოცნების ახდენამდე - საქართველო დაიმკვიდრებს საკუთარ ღირსეულ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2021 წელს, რომელიც იქნება უკეთესი მომავლის, ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი!
გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.