17 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
"მომავალი წელი, ისე როგორც არასოდეს, მოითხოვს ერთმანეთზე ზრუნვას და თანადგომას" - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე მიმართა - საახალწლო მიმართვაში არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ 2021 წელი ერთმანეთზე ზრუნვას და თანადგომას მოითხოვს. 

"ძვირფასო თანამოქალაქეებო, საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ ახალ, 2021 წელს! ეს წელი მშვიდობის, კეთილდღეობის და ჯანმრთელობის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის.

განსაკუთრებით ვულოცავ და მადლობას ვუხდი ჩვენი დროის გმირებს – ექიმებს, ექთნებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და იმ პროფესიის წარმომადგენლებს, ვინც პირდაპირ იყო ჩართული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში – მათ ყველაფერი გააკეთეს სხვების სიცოცხლის გადასარჩენად!

ახალ წელს ვულოცავ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ჩვენს დებსა და ძმებს! ერთიანი, ძლიერი საქართველო და ძლიერი საზოგადოება ჩვენი საერთო მიზანია!

გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ პროფესიონალიზმით, ერთიანობით და სოლიდარობით შევძლებთ ყველა სირთულის დაძლევას. შევძლებთ ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, დემოკრატიის გაძლიერებას და უსაფრთხოების განმტკიცებას!

მომავალი წელი, ისე როგორც არასოდეს, მოითხოვს ერთმანეთზე ზრუნვას და თანადგომას, უფრო მეტ სიყვარულს და მომავლის რწმენას! კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს!“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძე საახალწლო მილოცვაში.

დღის ამბები