"შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების განხილვამ რიგგარეშე სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მომხსენებელმა მიხეილ დაუშვილმა კოლეგა დეპუტატებს შრომის კოდექსიდან მეორე მუხლის მესამე პუნქტის ამოღება შესთავაზა, რადგან მისი განმარტებით, შრომითი დისკრიმინაციის ცნებას კოდექსში სხვა მუხლიც განმარტავს.
დეპუტატების ნაწილის აზრით, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა დასაქმებულების უფლებების შეზღუდვას გამოიწვევს.
"ამის მხარდაჭერა ძალიან ძნელი იქნებოდა ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შრომით ურთიერთობებში. მეოთხე მუხლში არსად არ არის ნახსენები კონკურსი, ვაკანსიის გამოცხადების მომენტი და წინა სახელშეკრულებო ურთიერთობები. შესაბამისად, ის ნორმა მეორე მუხლში, რომლის ამოღებასაც გვთავაზობთ არის დამატებითი ბერკეტი დასაქმებული პირის ხელში, რომ სასამართლოში თუ გაუხდა წასასვლელი, უკეთესად დაცვას თავისი უფლებები," - მიმართა თეა წულუკიანმა მიხეილ დაუშვილს.
პარლამენტის თავმჯდომარემ კი დეპუტატებს შესთავაზა: "გთავაზობთ, რომ პირველ კანონპროექტში მეორე მუხლის მესამე პუნქტი დარჩეს, ანუ არ იქნეს ეს ამოღებული, შესაბამისად, ეს დისკუსია, რაც აქ წარმოიშვა იქნება გათვალისწინებული. დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით ჩადებული რეგულაციები დარჩება იქ, სადაც დღეს ის არის".