დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის მახასიათებლების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვირუსის ახალ ფორმას შედარებით სწრაფი გავრცელება ახასიათებს, თუმცა უფრო მეტად დამაზარელებელ ზეგავლენაზე მონაცემები ამ დროისთვის არ არის.
"ახალი შტამის ერთადერთი მახასიათებელი, რომელიც დღეისთვის ცნობილია, ეს არის მისი შედარებით სწრაფი გავრცელება, თუმცა მის უფრო მეტად დამაზარელებელ ზეგავლენაზე მონაცემები არ არის, ანუ არ დასტურდება მისი მაღალი დამაზიანებელი ზეგავლენა. სისტემური პასუხი ამ შტამთან მიმართებაში იქნება ის, რომ უფრო აქტიურად გამოვიყენოთ პირადი დაცვის საშუალებები. ანუ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გავრცელების შეფერხების მიზნით, მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ დონეზე პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და ასევე ყველა იმ წესის დაცვა, რომელსაც აქამდე ვიყენებთ სხვა შტამებისთვისაც,“ - აცხადებს თამარ გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID-19-ის ახალი შტამი დადასტურდა. 50 წლის პირი საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა მას ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.