ქვეყნის მასშტაბით უკვე მეორე დღეა ხანძრის 100-მდე კერასთან ბრძოლა გრძელდება. ყველაზე რთული მდგომარეობაა სამეგრელოში, სადაც 77 წერტილიდან სამ ადგილზე ისევ აქტიური კერაა.
განსაკუთრებით დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული ცეცხლი წალენჯიხაში. მეხანძრე-მაშველები მობილიზებული არიან მარტვილის ტყეშიც. მათ სამუშაოებს აფერხებს და ართულებს ძლიერი ქარი. რეგიონში დამატებითი ძალების მობილიზება გუშინვე დაიწყეს.
სოფელ ობუთში ძლიერ ხანძარს მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც ებრძვიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია, ადგილობრივი მცხოვრებლები შიშობენ, რომ შესაძლოა ძლიერი ქარის გამო მათ სახნავ-სათეს სავარგულებს და საცხოვრებელ სახლებს საფრთხე შეექმნას.
გარდა ობუთისა, ხანძრის კიდევ ერთი კერა წალენჯიხის სოფელ ნაკიფუშია, სადაც ამ დრომდე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ხანძრები სამეგრელოს რეგიონებში გუშინ გაჩნდა. წალენჯიხის გარდა, მარტვილის ტყეში ორ კერაზე მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები. ხანძარი იყო ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.