საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, საშობაო ალილო წელს არატრადიციულად ჩატარდება.
"მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში დიდებული დღესასწაულია. შობას საქართველოში კიდევ უფრო სადღესასწაულო ელფერი, უწმინდესის კურთხევით 2000 წლიდან მიეცა. წლებია, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - "ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულელებში რიგდება.
"ალილო" წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება: არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები," - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.