17 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
ამნისტიის აქტი მიღებული იქნება ადამიანის უფლებებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების საუკეთესო ბალანსით - გოჩა ლორთქიფანიძე

პარლამენტში რიგგარეშე სესია გრძელდება, სადაც დღეს მეორე მოსმენით მიიღებენ, კანონპროექტს, რომელიც ასობით მსჯავრდებულს შეეხება.

დღეს კანონპროექტი კენჭისყრაზე დადგება რამდენიმე ცვლილებით. კანონპროექტს მხარს უჭერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია. 

"რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამნისტიას, როგორც ჰუმანურ აქტს. მნიშვნელოვანია, რომ ის შეეხოს რაც შეიძლება ფართო პირთა წრეს, ვინც წარმატებით გაიარა რესოციალიზაციის პროცესი და მზად არის, დაუბრუნდეს საზოგადოებას, თუმცა, იმავდროულად, გადაზღვეული უნდა იქნას საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკები.

შესაბამისად, ამნისტიის აქტი მიღებული იქნება ადამიანის უფლებებისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების საუკეთესო ბალანსით,"- აცხადებს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.

"მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ამნისტია ეხება ნაკლებად ძალადობრივ მუხლებს და ყურადღება მახვილდება, ასევე, დამნაშავეების და ბრალდებულის კრიმინალურ წარსულზე,"- აღნიშნავს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი მაკა ფერაძე.

მომზადებული პროექტით, შეღავათები გავრცელდება ისეთ მსჯავრდებულებზე, რომელთაც ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. დაჩქარებული წესით განხილულ "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტი საბოლოოდ რამდენიმე დღეში დაამტკიცებს.

ავტორებს აქვთ მოლოდინი, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ დაცული იქნება საზოგადოების უსაფრთხოებაც და ხელისუფლება გაითვალისწინებს პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპებს.

დღის ამბები