19 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
წალენჯიხასა და მარტვილის სოფლებში 100-მდე მეხანძრე მუშაობს - სამეგრელოს რეგიონში ცეცხლის ღია კერები ამ დრომდე რჩება

სტიქიასთან ბრძოლის მესამე დღე საქართველოში - სამეგრელოს ორ მუნიციპალიტეტში ცეცხლის რამდენიმე ღია კერა ამ დრომდე რჩება. წალენჯიხასა და მარტვილის სოფლებში - სქურში, მუჟავასა და ბალდაში 100-მდე მეხანძრე მუშაობს. 

სოფელ ბალდის ტყეში დაახლოებით 30 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა დამწვარი. 

"მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელსაც მაშველი-მეხანძრეები ახორციელებენ. სიტუაციას ართულებს ის, რომ რთული რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ხერხდება ტექნიკის ადგილზე მიყვანა. 

ხანძარი მოსახლეობას არ უქმნის საფრთხეს ამ დროისთვის. შესაბამისად, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება," - განაცხადა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ.

"წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2 აქტიური კერა რჩება, ესენია მუჟავას და სქურის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ხანძარი მთის კალთებზეა გავრცელებული. ძალიან ძნელად მისასვლელია, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვეითი ბრიგადები ორივე ლოკაციაზე მუშაობენ. ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. სავარაუდოდ დღის ბოლომდე ორივე ლოკაციაზე ხანძარი იქნება ლიკვიდირებული," - აღნიშნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ.

დღის ამბები