პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში დემოკრატული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო.
მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ამ პროცესებში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არ უნდა იყოს ერთი კონკრეტული ადამიანი, არამედ ის უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობამ.
"ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც, ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო. დღეს მან გადაწყვიტა, რომ ამ პროცესში მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი არ უნდა იყოს; არ უნდა იყოს კონკრეტულ პირზე დამოკიდებული, მათ შორის, მასზე და ეს უნდა უზრუნველყოს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე აქამდე იყო, დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობამ. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა და ვფიქრობთ, რომ ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ და ეს ასეც იქნება. საქართველო გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მისი თვითმიზანი ძალაუფლების მოხვეჭა არასდროს ყოფილა.
"ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პოლიტიკაში მოსვლისას ბიძინა ივანიშვილის მიზანი არ ყოფილა ძალაუფლების მოხვეჭა. ჩვენ გვახსოვს მისი პოლიტიკაში მოსვლა, ის დაპირებები, რომ ის დაასრულებდა ძალადობრივ რეჟიმს და ეს მან განახორციელა. ასევე, მისი დაპირება, რომ უზრუნველყოფდა, არ იქნებოდა განხორციელებული რევანში, რომელიც, სამწუხაროდ, ყველა წინა ხელისუფლების ხელწერა იყო და ესეც იყო უზრუნველყოფილი.
რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ქვეყნის პროდასავლური კურსი გაძლიერდა. უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე არსებული თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორც არასდროს, ისეთი დიდი შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და ბოლო ნაბიჯების გადადგმა, რომ ჩვენ საბოლოოდ გავხდეთ ნატოს და ევროკავშირის წევრები, ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ ქვეყანა დგას ძალიან მყარ, დემოკრატიული განვითარების გზაზე,"-განაცხადა კახა კუჭავამ.