ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მმართველი გუნდის წევრები განცხადებებს აკეთებენ და ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდიან.
მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, "ქართული ოცნება" მეტი პასუხისმგებლობით განაგრძობს ქვეყნისთვის ბრძოლას.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილი ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს გვაქვს სახელმწიფო, სადაც ყველა ინსტიტუცია გამართულად მუშაობს. ამ მოცემულობაში ყველაზე სასურველი იყო ბიძინა ივანიშვილისთვის ალბათ, რომ წასულიყო პოლიტიკიდან. თქვენ იცით, რომ მისი სურვილი არასოდეს ყოფილა ხელისუფლებაში ყოფნა, ეს უბრალოდ აუცილებლობით იყო განპირობებული. მეორედ როდესაც დაბრუნდა, მაშინ დაბრუნდა, როდესაც პარტიაში არაჯანსაღი პროცესი მიმდინარეობდა და სწორედ ამის დასაბალანსებლად შემოვიდა,"- აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ჰყავს უპასუხისმგებლო ოპოზიციური სპექტრი.
"გვაქვს მყარი ერთობა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, "ქართულ ოცნებას" შეუძლია განვითარება და განახლება. ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა. სამწუხაროდ ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ოპოზიცია, რომელსაც ადეკვატურად აფასებს ჩვენი მოსახლეობა,"- აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.