თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის წარდგენას მმართველი გუნდი ერთხმად დაუჭერს მხარს.
"ირაკლი კობახიძე არის ნიჭიერი ახალგაზრდა ადამიანი, კაცი, რომელიც თავისი კომპეტენციით გამოირჩევა ჩვენს გუნდში. უკვე არა ერთი წელია ირაკლი კობახიძე არის ჩართული ჩვენი პარტიის საქმიანობაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ერთსულოვნად დავუჭერთ მხარს მის კანდიდატურას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღესვე ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილის მიღწევა ბევრია.
"ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ მას არასოდეს არ მართავდა ძალაუფლება, როგორც ეს სხვა მმართველების შემთხვევაში ყოფილა. იმ ფონზე, როდესაც უპრეცედენტო გამარჯვების შემდეგ რეალურად, ჩვენ თუ გადავხედავთ თანამედროვე დემოკრატიის ისტორიას, ბოლო 30 წლის განმავლობაში მაგალითი და პრეცედენტი არ მოიძებნება იმისა, რომ ადამიანს გაემარჯვებინოს მესამე ვადით და ამის შემდეგ თავად, საკუთარი ნებით განაცხადა უარი.
ადამიანი, რომელიც 20 წელზეა მეტა საკუთარ ქვეყანას ემსახურება, როგორც საკუთარი ფინანსური რესურსებით, ისე პოლიტიკური მოღვაწეობით. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი ქვეყანა ვერ გათავისუფლდებოდა იმ მჩაგვრელი მოძალადე რეჟიმისგან, რომელიც 10 წლის წინ ქვეყანაში იყო დამყარებული,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.