საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებების გატარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს "ქართული ოცნების" გუნდის ნდობა აქვს, რომლის წინაშეც დიდი პასუხისმგებლობაა.
"ძალიან დიდია მისი წვლილი, როგორც მთლიანობაში იმ ცვლილებების განხორციელებაში, რომელსაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ვხედავთ. ჩემთვისაც, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რასაც ჩვენ ყველანი ვქმნიდით ერთად, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დაუბრუნდათ თავისუფლება, დაუბრუნდათ არჩევანის თავისუფლება და ის, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება ნამდვილად შეუქცევადი პროცესი გახდა. ეს ყველაფერი არის უშუალოდ იმ ევროპული ღირებულებების განუყოფელი ნაწილი, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი მივისწრაფვით. პარტიის ლიდერის და ამ ცვლილებების განმახორციელებლის წასვლა, რა დროის მომენტიც არ იქნებოდა ამისთვის შერჩეული, არის ძალიან რთული, თუმცა როგორც ბატონი ბიძინაც აღნიშნავს, მას აქვს ნდობა იმ გუნდის, რომელიც რჩება და ჩვენ ის გუნდი, რომელიც "ქართული ოცნების" გუნდს წარმოვადგენთ, რა თქმა უნდა, ჩვენზე არის უდიდესი პასუხისმგებლობა,“ - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.