ბიძინა ივანიშვილის წასვლის პირველივე დღეს "ქართული ოცნება" ოპოზიციას ახალ შეთავაზებას უკეთებს და კვლავ მოუწოდებს, საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთოს.
"ოცნება" კვლავ იმეორებს, რომ მის სასარგებლოდ ერთი პროცენტის ცდომილების შემთხვევაში, ის ახალ არჩევნებს დანიშნავს. კომისიაში მიწვეული იქნება ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, მათ შორის, ეუთო/ოდირი.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, არსებულ ვითარებაში ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გაგრძელებამ აზრი დაკარგა. "ქართული ოცნების" სახელით დღეს გაკეთებული შეთავაზებების მიხედვით, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ სურვილის შემთხვევაში ოპოზიციას როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, ასევე საარჩევნო რეფორმის გატარებაში შეუძლია მონაწილეობის მიღება.
მმართველი პარტიის შეთავაზება არსებულ სურათს არ ცვლის "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობისთვის". პარტიების წარმომადგენლები ირაკლი კობახიძის განცხადებას არასერიოზულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ნებისმიერი საკითხი ვადამდელი არჩევნების ფორმატში უნდა იყოს განხილული.
საარჩევნო რეფორმის გატარების საკითხი მნიშვნელოვნად მიაჩნიათ პარტია "ლელოში" და "სტრატეგია აღმაშენებელში". ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განმარტებით, განახლებული საარჩევნო სისტემა აუცილებელია, თუმცა რეფორმებზე საუბარს აზრი მხოლოდ მას შემდეგ ექნება, როდესაც ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.
ოპოზიციურ ფლანგში არსებობენ ის პარტიები, რომელთათვის ვადამდელი არჩევნების ჩატარება პარლამენტში შესვლისთვის გადამწყვეტი არ არის.