პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე "ღამის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ პრემიერ მინისტრთან დაკავშირებით არანაირი ცვლილებაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. აქვე, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები, გიორგი გახარიას კომპეტენციაში შედის.
"ისინი, ვისი თავისუფლების ხარისხიც, ჯერჯერობით, არის ნულოვანი, იმიტომ რომ ორი პოლიტიკური პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", მათ შორის, პოლიტიკოსები, რომლებმაც წააგეს არჩევნები და მანდატი არ აქვთ, მანდატებს ართმევენ იმ პოლიტიკოსებს ოპოზიციიდან, ვინც შევიდნენ პარლამენტში და ამ ადამიანებს ელემენტარული თავისუფლების ხარისხიც არ აქვთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" შანტაჟიდან გამოვიდნენ და თავისუფალი გადაწყვეტილებები მიიღონ და ახლა ეს ხალხი ჩვენ გვესაუბრება და გიორგი გახარიას უყენებენ პრეტენზიებს იმაზე, რომ აქვს თუ არა მას საკმარისი თავისუფლების ხარისხი? ეს თავისთავად კომედიაა უკვე, რომ ეს ადამიანები ამაზე ლაპარაკობენ. ჯერ საკუთარი თავისუფლების ხარისხი უნდა მოძებნონ, ხალხმა, რაც დაავალა და საკუთარმა მხარდამჭერებმა რაც დაავალეს შეასრულონ ის, შეუდგნენ უფლებამოსილების განხორციელებას, აჩვენონ რომ თავად აქვთ რაიმე თავისუფლების ხარისხი, მერე უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ აქეთ მხარეს.
ჩვენ არ განვიხილავთ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით არანაირ ცვლილებას, რაც შეეხება მთავრობის კაბინეტში ცვლილებას, ეს არის პრემიერ მინისტრის კომპეტენცია, მას ამ პერიოდში არ მოუმართავს და ალბათ გასაკვირიც იქნებოდა რომ მოემართა, იმიტომ რომ სულ ახლახან წარმოადგინა კაბინეტი და პარლამენტმა მის მიერ წარმოდგენილ კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. მე აქვე მინდა ერთი რამ დაგიზუსტოთ, რომ თანამდებობა არც ერთი ჩვენი თანაგუნდელის თვითმიზანი არ გახლავთ, ჩვენთვის ეს არის საშუალება, რომ მივაღწიოთ იმ მიზნებს და გადავჭრათ ის ამოცანები, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგა,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
აქვე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ განათლების მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის კანდიდატურა არ განიხილება. მისი თქმით, განათლების მინისტრი არის მიხეილ ჩხენკელი და ის. მის წინაშე არსებულ ამოცანებს თავს ღირსეულად გაართმევს.