მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია და ბიძინა ივანიშვილის შემცვლელ კანდიდატად "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძეა დასახელებული.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით "ქართული ოცნების" გუნდს, რა თქმა უნდა გამოწვევები ეზრდება, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ გუნდი შეძლებს ერთობლივი ძალებით მხარდაჭერა გაზარდოს.
"ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში 2012 შემოვიდა გამარჯვებით და ასევე გამარჯვებული წავიდა არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარეობიდან. ეს ორი მომენტი, პოლიტიკაში შემოსვლისა და პოლიტიკიდან გასვლის არის უმნიშვნელოვანესი თითოეული პოლიტიკოსისთვის. მან შეძლო დიდი დემოკრატიული რეფორმების გატარება, მათ შორის უმთავრესი, რაც იყო ამ 8 წლის განმავლობაში - ქვეყანაში დაბრუნდა თავისუფლება, ადამიანის უფლებები.
გუნდს, რა თქმა უნდა გამოწვევები ეზრდება, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ განახლებულ გუნდთან ყველა ერთად მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენ მხარდაჭერა გავიზარდოთ და არ შევიმციროთ," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ვინ იქნება პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაში და ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს მმართველ გუნდში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, შაბათს გახდება ცნობილი, როდესაც პარტია ყრილობას ჩაატარებს.
"პოლიტსაბჭოში ჯერ ეს ერთი რადიკალურად განსხვავებული ადამიანები იქნებიან თუ არა - ეს ჯერ არავინ არ იცის, გუნდი არ არის რადიკალურად განსხვავებული და როგორ იქნებიან პოლიტსაბჭოში, რა უნდა შეარჩიონ ისეთი, რომ იყვნენ რადიკალურად განსხვავებულები.
ჩვენ სხვაობები გვაქვს თუ არა ამას დავინახავთ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ადამიანს ერთი და იგივე აზრი ჰქონდეს ერთი და იგივე საკითხზე," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.