თავდაცვის ყოფილი მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელის თქმით, პირველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, რეალურად, ვერ მოახერხა წასვლა, რადგან მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ შეძლო შესაფერისი ლიდერი ყოფილიყო.
ამიტომაც, ხიდაშელის განცხადებით, ივანიშვილი იძულებული გახდა, პოლიტიკაში დაბრუნებულიყო.
ხიდაშელის შეფასებით, ივანიშვილის შეცდომა 2013 წელს დატოვებული ლიდერი იყო.
"მე ვფიქრობ და ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ეს წასვლა არაფრით იქნება განსხვავებული პირველი წასვლისგან. ორივე შემთხვევაში, ჩვენ სახეზე გვქონდა ერთი და იმავე მოვლენა, როდესაც ბატონი ივანიშვილი სინამდვილეში გულრწფელად ცდილობდა პოლიტიკური სცენიდან გასვლას, პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებას, მაგრამ პირველ შემთხვევაში მან ეს ვერ მოახერხა და სამწუხაროდ მგონია, რომ ამჯერად, განსხვავებით პირველი შემთხვევისგან ის ამას აღარ მოახერხებს.
თუ ჩვენ კითხვას ვსვამთ, რატომ ვერ წავიდა მაშინ, როდესაც მართლა უნდოდა წასვლა, ამის მიზეზი იყო ის პრემიერი, რომელიც დატოვა, რომელმაც ვერც იპრემიერა და ვერც ილიდერა. ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც კი იყო ირაკლი ღარიბაშვილის ამარა არ დაეტოვებინა ქვეყანა. ეს იყო 2013 წელს მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვერ წავიდა ის პოლიტიკიდან. რაც შეხება კვირიკაშვილს, უკვე ეს პროცესი მიმდინარე იყო, იქ არაფერი ახალი და განსაკუთრებული აღარ მომხდარა, მას, უბრალოდ მოუწია შემდეგ დაბრუნება, იმიტომ რომ იმდენად იყო მასზე ყველაფერი ჩამოკიდებული და იმდენად ახდენდა ის საკუთარი გუნდის ლიდერების დისკრედიტაციას, ვისაც რეალური ლიდერობის პოტენციალი ჰქონდა და კვირიკაშვილი არ იყო ერთადერთი, სამწუხაროდ, რომ ის იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო სრულიად დემორალიზებულ და შიდა კონფლიქტებითსთვის განწირული "ქართული ოცნების" გადასარჩენად. ეს იყო მისი მთავარი შეცდომა - მემკვიდრე, რომელიც დატოვა, რომელმაც ვერც იპრემიერა და ვერც ილიდერა," - განაცხადა თინა ხიდაშელმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.
გარდა ამისა, გადაცემაში სტუმრობისას ხიდაშელი აცხადებს, რომ ივანიშვილის გარეშე ირაკლი კობახიძეს არ აქვს რესურსი გუნდს ლიდერობა გაუწიოს და სწორედ, მისი დაწინაურება იქნება ტესტი იმისა, ნამდვილად წავიდა თუ არა ივანიშვილი პოლიტიკიდან.
"ჩემთვის მთავარი ტესტი იცით რა იქნება, ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან, თავისი პარტიიდან, გადაწყვეტილების მიღების სისტემიდან თუ არა, მთავარი ნიშნული და მაჩვენებელი იქნება მოვლენები, რომელიც თავად "ქართულ ოცნებაში" განვითარდება, ალიდერებენ თუ არა კობახიძეს, ეს არის მთავარი გამოწვევა, იმიტომ რომ ივანიშვილის გარეშე ეს არის გამორიცხული. არ აქვს არავითარი რესურსი კობახიძეს, რომ იყოს მაგალითად, კახა კალაძის ლიდერი, ან თუნდაც გიორგი გახარიას ლიდერი, მაგრამ ივანიშვილთან ერთად, მას შეუძლია იყოს ამ პარტიის ლიდერი. წინ ადგილობრივი არჩევნებია და ამიტომ ვახსენე კალაძე სწორედ, როგორ განვითარდება მოვლენები ადგილობრივი არჩევნების წინ, ჩვენ ყველანი ამის მიხედვით შევძლებთ ვიყოთ სრულიად დარწმუნებული იმაში, წავიდა ივანიშვილი, თუ სინამდვილეში საჯარო სივრციდან გავიდა, ბოლო ნაგლეჯიც კი, პასუხისმგებლობის, რომელიც მას ჰქონდა, მოიხსნა და ამას ემსახურებოდა ეს წერილი, თუ სინამდვილეში წავიდა და კერძო ცხოვრებით დაკავდა," - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.