გიორგი ვოლსკი "ქართულ ოცნებაში" რაიმე სახის დაპირისპირებას უარყოფს და აცხადებს, რომ მმართველ გუნდში არსებულ შიდა კონფლიქტებთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებები ტყუილია და იმ ურთიერთობებზე ჩრდილის მიყენებას ემსახურება, რომელიც "ქართულ ოცნებაში" არსებობს:
"ყველაფერი, რაც ითქმევა, მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ჩრდილი მიაყენონ არსებულ ვითარებას შიგნით და ადამიანურ ურთიერთობებს. იქ - კახი თურმე გაბრაზებულია ირაკლიზე, ირაკლი გაბრაზებულია პრემიერზე, იქ - თურმე კახის ეს ამბიციები აქვს, ირაკლის ის ამბიციები აქვს... სულ ტყუილია, გამოჭმული, გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი არ აქვს ამ ნათქვამებს არცერთს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, შესაბამისად, არანაირი წინაპირობა არ არსებობს არც სამთავრობო ცვლილების, რადგან სამთავრობო გუნდს და არცერთ დარგს არ წაუბორძიკებია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე მძიმე და რთული გამოწვევებია.