"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, შეხვედრები, რომელიც მისმა პარტიამ დაიწყო, ემსახურება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას, რომელშიც ქვეყანა და პოლიტიკური სპექტრი იმყოფება.
იაგო ხვიჩიას თქმით, მათთვის ოპოზიციურ სპექტრში გამონაკლისები არ არსებობს და ელაპარაკებიან ყველას, ვინც არჩევნების შედეგად პარლამენტის მანდატი მოიპოვა. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ დაწყებული მოლაპარაკების მთავარი თემა თვითმმართველობის არჩევნების ერთგვარ პლებისციტად გამოყენების საკითხია:
"ჩვენ ვცდილობთ თანამოაზრეები, რომელთაც უნდათ შეთანხმება და შეთანხმება უნდა ისეთი პირობებით, რომ პარლამენტში შესვლა ღირსეულად შეიძლებოდეს ყველასთვის. ღირსეულად შესვლა შესაძლებელია, თუ იქ შედის ოპოზიცია მთლიანად და შედის ისე, რომ იქ შესაძლებელია მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამაში დავარწმუნოთ ოპოზიცია, გვაქვს ძალიან კონკრეტული, კორექტული წინადადება, რომლის უარყოფაც ძალიან რთული იქნება ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის, იმიტომ რომ არის ძალიან სამართლიანი და კორექტული და ფაქტობრივად გათვალისწინებულია ყველა ის ინტერესი, რომელიც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან მოვისმინეთ.
დღეს რომ შევთანხმდით ჩვენ და "მოქალაქეები", კვირას ჩვენ და "მოქალაქეები" ვაპირებთ შევხვდეთ ბატონ გიორგი ვაშაძეს და მის პარტიასთან გავიაროთ ჩვენი წინადადება, ძალიან კარგი იქნება თუ დაგვთანხმდება, თუ დაგვთანხმდება მერე ჩვენ, ბატონი ელისაშვილი და ბატონი ვაშაძე წავალთ "ლელოში" შესახვედრად და იქ ავუხსნით ჩვენ საერთო პოზიციას. თუ "ლელო" დაგვთანხმდება, მერე წავალთ სიტყვაზე "ევროპულ საქართველოში" ან "ნაციონალურ მოძრაობაში".
ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური საუბრის რეჟიმი უფრო მშვიდია და მეტად შეგიძლია აზრთა გაცვლა-გამოცვლა და რაღაცნაირად გვინდა, რომ პოზიციები შევაჯეროთ და თან მოვისმინოთ არგუმენტირებული საწინააღმდეგო აზრი. მე დაფიცებული კი არ მაქვს ამ პოზიციაზე, თუ ვინმე გვეტყვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გამოყენება ერთგვარ პლებისციტად უსამართლოა, სისულელე და აბსურდია, ამიხსნის და დამისაბუთებს, რომ მათი მოსაზრება უფრო სწორია, მე მზად ვარ, ღია ადამიანი ვარ და გადავალ მათ აზრზე ან მინდა, რომ ჩემი კოლეგები გადმოვიდნენ ჩემს აზრზე," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაში, იზიარებს თუ არ ის ალეკო ელისაშვილის მოსაზრებას, პარლამენტში ინდივიდუალურ შესვლასთან დაკავშირებით, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ის პარლამენტში სხვა ოპოზიციური ძალების გარეშე შესვლას არ აპირებს.