განათლების კომიტეტის გასვლითი სხდომა დღეს ქუთაისში გაიმართება, სადაც გელათის სამონასტრო კომპლექსის დროებითი კონსერვაციის პროცესთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე იქნება საუბარი. მხარეები სახურავის დამონტაჟების დროს მომხდარი ხარვეზების მიზეზებზე გაამახვილებენ ყურადღებას, რამაც წვიმის დროს ფრესკების დაზიანება გამოიწვია. კომიტეტზე ასევე ისაუბრებენ კომისიის შექმნაზე, რომელიც დაზიანებებს შეისწავლის.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს კომიტეტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ კომისია არსებულ სიტუაციას დეტალურად შეისწავლის და ხარვეზების გამოსწორებას სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია სწორედ ამ კვლევის საფუძველზე დაიწყებს.