საარჩევნო სუბიექტებმა 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით 38.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, აქედან 45% "ქართულ ოცნებაზე" მოდის.
მონაცემებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.
6 მილიონი ლარით მეორე ადგილზეა პარტია "ლელო ", მესამეზე კი, საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია".
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2020 წლის 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საკითხები შეისწავლა და პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულობებში 2020 წლის 1 იანვრიდან გამოკვეთილი ტენდენციებიც მიმოიხილა. იმ 9 საარჩევნო სუბიექტიდან, რომელმაც არჩევნებში 1%-ის ოდენობის ხმა მაინც მიიღო, ერთმა სუბიექტმა („გირჩი”) შევსებული ფინანსური დეკლარაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ მიაწოდა, შესაბამისად, ანგარიშში გამოკვეთილი მიგნებები ძირითადად 8 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ფინანსური დეკლარაციებისა და წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესების ანალიზს ეყრდნობა.
კვლევის ფარგლებში შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით მთლიანობაში დაახლოებით 38.6 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, აქედან თითქმის ნახევარი (45%) – 17.3 მლნ ლარი, მმართველ პარტიაზე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მოდიოდა. 6 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო "ლელო - მამუკა ხაზარაძე", მესამეზე კი საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" – 5.7 მლნ ლარით;
8 სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების მხოლოდ 10% (3.7 მლნ ლარი) მოდიოდა სახელმწიფო დაფინანსებაზე, 90% (34.9 მლნ ლარი) კი - კერძოზე. სახელმწიფო დაფინანსების მცირე წილი იმით იყო განპირობებული, რომ საანგარიშო პერიოდი არასრულ სამ თვეს წარმოადგენს, სახელმწიფო დაფინანსებას კი პარტია ყოველთვიურად, თანაბარი ოდენობით იღებს, მაშინ, როდესაც კერძო დაფინანსების წყაროებიდან თანხების მიღება ძირითადად სწორედ საარჩევნო პერიოდზეა კონცენტრირებული;
შესწავლილმა 8 საარჩევნო სუბიექტმა 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით ჯამში დაახლოებით 33.4 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო, აქედან 15.3 მლნ ლარი (ყველა შემოწირულობის 46%) მმართველ პარტიაზე "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველო“ მოდიოდა, 6 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო "ლელო - მამუკა ხაზარაძე”, ხოლო მესამეზე - საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ 4.8 მლნ ლარით.
საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ჯამური შემოწირულობების 98% ფიზიკური პირების მიერ არის განხორციელებული, 2% კი - იურიდიული პირების მიერ. ქართული პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა დაახლოებით 38%-ს იმაზე მეტი აქვს შეწირული, ვიდრე ერთი წლის საშუალო დარიცხული ხელფასია საქართველოში (დაახლოებით 11,900 ლარი)," - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.