პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის შიდა შეხვედრები კონკრეტული შედეგებით ვერ დასრულდება მაშინ, როდესაც პოლიტიკური პატიმრების საკითხი კვლავ პრობლემად რჩება.
"იმ ხალხს, ვინც "ევროპული საქართველოს" სიით პარლამენტში შედიოდა, ყველას უარი აქვს მანდატებზე ნათქვამი. ვახო მეგრელიშვილი შეხვდება, დაარწმუნებს მათ? პატარა ბავშვები არიან? არ მჯერა, რომ ახლა ამ მოცემულობით რაიმე შეთანხმება შედგება, რომელიც დასრულდება იმით, რომ ოპოზიცია ბოიკოტს მოხსნის და პარლამენტში შევა. პრობლემას ვხედავ იმაში, რომ არ ჩანს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, შესაძლებელი იყოს შეთანხმების მიღწევა, ეს საკითხი საერთოდ, არც კი განიხილება," - აცხადებს პოლიტიკური პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.
"ლელოში" კი აცხადებენ, რომ მსჯელობა საერთო ოპოზიციურ ფორმატში უნდა მოხდეს.
"ყველა ინიციატივა, რომელზეც ჩვენ, შესაძლოა, მსჯელობა გვქონდეს, უნდა განიხილებოდეს საერთო ოპოზიციურ ფორმატში. კონსესუსი არის ერთადერთი გზა, რომლითაც ჩვენ ახალ მოთხოვნებზე და ინიციატივებზე უნდა ვმსჯელობდეთ," - აღნიშნავს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე.
ოპოზიციის შიდა მოლაპარაკებები რამდენიმე დღეში განახლდება. უახლოესი შეხვედრა, "სტრატეგია აღმაშენებელს", "გირჩსა", და "მოქალაქეებს" შორის არის დაგეგმილი.