საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ვაქცინაციას 18 წლამდე ასაკის ადამიანები არ გაივლიან.
პროფესორი და გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია საკმარისი არ არის. "დღის კურიერის" ეთერში გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რომ საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის მიხედვით, მინიმალური უნდა იყოს მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია.
"მე ვარ დამოუკიდებელი ექსპერტი. ჩემი პოზიციაა 85% და წერტილი.
მეცნიერება გვეუბნება, რომ მინიმალური უნდა იყოს 70%, კარგი არის 85%. ჩვენი გეგმა უნდა იყოს მაქსიმუმის გაკეთება. მე რომ ვიყო სახელმწიფოში, მე ვიტყოდი, რომ მე მინდა 90%-იანი ვაქცინაცია ქვეყნის, მაგრამ რომ შესრულდეს 80%, უკვე კმაყოფილი ვარ.
მსოფლიოში მოსაზრებაა, ყველა საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაა, რომ მინიმუმია 70%, კარგი არის 85%, ეს არის ფაქტი.
ვიცი რამდენიმე აფრიკული ქვეყანა, რომლებიც 50%-ზეც ფიქრობენ, რომ კარგია. ჩვენ აფრიკულ ქვეყნებზე უბრალოდ ცოტა ზევით ავედით, არაუშავს, რაც არის არის, თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნა," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.