"შუმბა აღარ არის. დაიხრჩო, თუ - მოკლეს, არ ვიცით ჯერ," - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ "რუსთავი 2"-თან საუბრისას ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ გააკეთა. მისი განცხადებით, შუმბას ცხედრის გამოსვენება ამ დროისთვის არ მომხდარა და შესაბამისად უცნობია, თუ რა ვითარებაში დაიღუპა.
"შუმბა ცოცხალი აღარ არის. შუმბა ზოოპარკის ტერიტორიაზე იპოვეს მკვდარი. მისი ცხედარი არ არის გამოტანილი ამ დროისთვის. ბევრი კითხვები არ არის," - აცხადებს ზურაბ გურიელიძე.
მისივე განცხადებით, თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ ცხოველების ლიკვიდაცია მოხდა, რომლებიც იყვნენ აგრესიულები.
"ტრანკვილიზატორის მოქმედებას 4-5 წუთი სჭირდება. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ამ დროს მტაცებელმა თავდასხმა განახორციელოს, ამიტომ აუცილებელი გახდა უკიდურესი ფორმების გამოყენება. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ადგილები არ გვქონდა და გაღვიძებულ ცხოველებს ვკლავდით, ეს სრული სისულელე და შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის. ჩვენ თითოეული ცხოველის გადარჩენას ვცდილობდით," - აცხადებს ზოოპარკის დირექტორი.
თბილისის ზოოპარკის ადამინისტრაციაში არ აქვთ ინფორმაცია, რამდენმა ცხოველმა დატოვა ზოოპარკის ტერიტორია, მათ მხოლოდ აქვთ ინფორმაცია გადარჩენილების და მოკლული ცხოველების შესახებ, რაც შეეხება დანარჩენ ცხოველებს, მათ არ იციან ისინი დაიხრჩვნენ თუ ქალაქში გადაადგილდებიან.
ზოოპარკის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს და მიმართავს თხოვნით, თუ დაინახავენ ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველს, დაუყონებლივ, ყოველგვარი ქმედებების გარეშე დარეკონ ტელეფონის ნომერზე 595 333572 და დაელოდონ სპეციალური ჯგუფის მისვლას.