მთავარი სტრატეგიული პარტნიორები ოპოზიციას ისევ ურჩევენ შევიდნენ პარლამენტში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, "ძირი არ გამოუთხარონ პარლამენტის დემოკრატიულ ფუნქციონირებას".
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2020 წლის მონიტორინგის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ - "ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა განცხადება გადაცდომის შესახებ სრულად იყოს გამოძიებული და დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეებმა პასუხი აგონ".
ევროპელი პარტნიორების შეფასებებს საქართველოში პასუხობენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი პარლამენტში შესვლით ქვეყნის დემოკრატიას ვერ გადაარჩენენ.
"ჩვენ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ საერთაშორისო პარტნიორებს, კარგად გვესმის, რომ მათთვის საპარლამენტო ინსტიტუტები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ საქართველოს დემოკრატიას პარლამენტში შესვლით ვერ გადავარჩენთ. ეს იქნება ძალიან ფასადური და დემოკრატიის იმიტაცია," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.
ამასთან, ოპოზიცია კვლავ იმ აზრზეა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებისა და ხელისუფლებასთან შეთანხმების შემდეგ შევლენ პარლამენტში, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.
"ოპოზიცური პარტიები, მოლაპარაკებისა და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შემდეგ შევალთ პარლამენტში. თუ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება, ამ შემთხვევაში მოხდება ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა,"- აღნიშნავს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.
"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ მათთვის საერთაშორისო პარტნიორების აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია საზოგადოების დაკვეთა, რომელიც მათ უნდა შეასრულონ.
"პატივს ვცემ ჩვენი პარტნიორების აზრს, მაგრამ ასევე დიდ პატივს ვცემთ ჩვენი მოსახლეობის დაკვეთასა და მათ აზრს. მათ განცხადებაში აღნიშნულია ის პრობლემები, რომელიც მოყვა თან 2020 წლის არჩევნებს. ეს ჩვენთვის საკმარისია იმისათვის, რომ არჩევნების ბოიკოტზე ვისაუბროთ," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი.