როდის გაიმართება მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ისევ უცნობია. ფასილილტატორი ელჩების მონაწილეობით დიალოგისთვის მზადყოფნას ოპოზიციაც და უმრავლესობაც ისევ გამოთქვამს და აცხადებენ, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად დიალოგი აუცილებელია:
"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა ისტორიული მონაკვეთია დღეს და როგორი პასუხისმგებლობა აქვს ყველას. ყველა პარტია, ყველა პოლიტიკური ლიდერი თავად განსაზღვრავს, რა არის მისთვის ამოცანა და რა ტაქტიკას მიჰყვება. თუ ვინმემ გადაწყვიტა, ჰქონდეს შიგნით მოლაპარაკები, ჩვეულებრივი ამბავია, პარტიები სულ ლაპარაკობენ ერთმანეთში. რას ეხება ეს, რა პერსპექტივაა და რა არის რაციონალური, ეს არის ამ მოლაპარაკებაში მთავარი და რა შეიძლება იყოს გამოსავალი," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი.
"სტრატეგია აღმაშენებელში" მიაჩნიათ, რომ თუ მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში არ შედგა, მაშინ მოლაპარაკებების გაგრძელება აზრს კარგავს და ოპოზიციას სხვა სტრატეგიაზე გადასვლა მოუწევს:
"მეხუთე რაუნდი უახლოეს კვირებში თუ არ შედგა, დიდი ალბათობით, მაშინ აზრი აღარ ექნება ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას, იმიტომ რომ უსასრულოდ ვერ გაგრძელდება ეს მოლაპარაკებები და აქედან გამომდინარე "ოცნება" რამდენად ადეკვატური იქნება, მოვა თუ არა მოლაპარაკებებზე, ამაზეა დამოკიდებული. როგორც ჩანს ეს შესაძლებლობის ფანჯარაც იკეტება და ამიტომ ოპოზიცია გადავალთ სხვა სტრატეგიაზე და ამაზე გამცნობთ საჯაროდ," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
კეთილგონივრული ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს და კრიზისი განიმუხტოს, ჩვენ იმედი გვაქვს რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე კეთილგონივრულ ნაბიჯს გადმოდგამს ხელისუფლება და ვისაუბრებთ სხვადასხვა ვადებზე რაც გულისხმობს ახალ ან რიგგარეშე არჩევნებს," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამ პროცესში დესტრუქტორის როლი აღარ უნდა შეასრულოს და გონივრული გამოსავალი უნდა იქნას მოძებნილი. იაგო ხვიჩია ასევე ამბობს, რომ ოპოზიციაშიც არის ხალხი, რომელთა პოზიციებიც შეთანხმების პროცესს აფერხებს:
"მე მრჩება განცდა, რომ იმ ხალხს ვინც არის პარლამენტის წევრი, პარლამენტში შესვლა და იქ მუშაობის გაგრძელება უნდა, უბრალოდ უნდათ გააკეთონ ისე, რომ სახე ჰქონდეთ შენარჩუნებული. ძირითადი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, რომელიც მთელ ამ პროცესში იყო დესტრუქტორი, თორემ ოპოზიცია აქამდე 3-ჯერ იქნებოდა შესული პარლამენტში. თუმცა ასევე არ უარვყოფ იმასაც, რომ ოპოზიციაში არის ხალხი, რომელთა პოზიციებიც, რბილად რომ ვთქვათ, ხელს უშლის შეთანხმების პროცესს. ჩვენ მივდივართ ჩვენი წინადადებით, ეს არის ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამოვიყენოთ ერთგვარ პლებისციტად და ამის ირგვლივ შევთანხმდეთ," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.