პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ დასაშანტაჟებლად არავინ ემეტება და მისთვის ვაშაძის პოზიციის ცვლილება შეხვედრასთან დაკავშირებით მოულოდნელკი იყო. ამის შესახებ მან "დღის კურიერში" განაცხადა.
"არავინ არ მემეტება არც გიორგი ვაშაძე, მათ შორის, იმისთვის, რომ ვინმე აშანტაჟებდეს. ის, რომ წინა ხელისუფლება საკუთარი თანაგუნდელების წინააღმდეგ რაღაცეებს აგროვებდა, ეს ყველამ იცის. ბიძინა ივანიშვილი არათუ აგროვებდა, არამედ ავრცელებდა კიდეც და ეს ჩვენს ქვეყანაში, რაღაცნაირად დამკვიდრებული პრაქტიკაა, არ მინდა, რომ ამის მსხვერპლი იყოს გიორგი ვაშაძე და არ მინდა დავიჯერო ის ჭორები, რაც გავრცელდა.
უბრალოდ, ვერაფრით ვერ ვხვდები, გუშინ გიორგი ვაშაძე შეუთანხმდა "გირჩს", რომ დღეს შევხვდებოდით და ამბობდა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ეს შეხვედრა. ვახო მეგრელიშვილს ჰქონდა შეხვედრა მათ ლიდერებთან და უთხრეს, რომ ეს ინიციატივა, რაზეც ვსაუბრობთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგი იყოს პლებისციტი ეს არის ძალიან მაგარი იდეა და სინამდვილეში, ეს იქნება გამოსავალი.
აქ არის ორი ვარიანტი, ან ვახო მეგრელიშვილი გვატყუებს და ან გიორგი ვაშაძე იტყუება. ვახო მეგრელიშვილის მე მჯერა, ის სერიოზული კაცია. ჩვენ გვითხრა ვახომ, რომ ეს იდეა მათ მოეწონათ. შეხვედრა გვქონდა ჩანიშნული და დღეს დილით ტელევიზორს ვრთავ და ვისმენ ვაშაძისგან, რა არის ეს ცალკე შეხვედრებიო, დავრჩი სახტად. ვცდილობ ავხსნა, როგორ შეიძლება პოლიტიკურმა ლიდერმა ერთ დღეში შეცვალო სიტყვა,"-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.