უნდა შეიქმნას ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ბიზნესგეგმა - ეს განცხადება "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სახელმწიფო მდივნის მოადგილე კით კრაჩმა გააკეთა.
კით კრაჩი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის უსაფრთხოების შესახებ 14 იანვარს ხელმოწერილ ურთიერთგანგების მემორანდუმსაც შეეხო.
მისი თქმით, 5G ქსელის უსაფრთხოება და "სუფთა ქსელის" წევრობა "ღია სიგნალს უგზავნის ამერიკაში კერძო სექტორს" და ასევე "სუფთა ქსელის" წევრი ქვეყნების კომპანიებს. კრაჩის თქმით, შეერთებულ შტატებს ამ მიმართულებით დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობებიც აქვს, "განვითარების დაფინანსების კორპორაციის" ფარგლებში. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოში აღნიშნული კორპორაციის ოფისის გახსნაც განიხილება.
"ეს ძალიან დადებით სიგნალს გზავნის. ამასთან, გვაქვს დაფინანსების შესაძლებლობაც ჩვენი "განვითარების დაფინანსების კორპორაციის" ფარგლებში. ჩვენ "დი-ეფ-სის" ოფისის საქართველოში გახსნას განვიხილავთ. მე კორპორაციის თავმჯდომარეც ვარ. ეს დამატებით კიდევ ერთი ძლიერი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის. როცა "დი-ეფ-სი" ქვეყანაში შედის და კერძო სექტორთან ერთად ინვესტიციებს დებს იქ, ეს სხვა კომპანიებსაც წაახალისებს. გვსურს საქართველოში მოვნახოთ პროექტები, რომლებზე მუშაობაც შეგვეძლება. საქართველო ჩვენი არაჩვეულებრივი პარტნიორი და არაჩვეულებრივი მეგობარია და ჩვენ ამ პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადაყვანა გვსურს. ეს კი ამისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კით კრაჩმა.