17 ნოემბერი 2024,   12:16
ვრცლად
დაპირისპირება ოპოზიციაში - იაგო ხვიჩია ელისაშვილის მსგავსად მოლაპარაკებების ჩაშლის ერთ-ერთ მიზეზად "ევროპულ საქართველოს" ასახელებს

დაპირისპირება მწვავდება ოპოზიციაში, სადაც პოლიტიკოსების ნაწილი ღიად საუბრობს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა არჩევნების შემდეგ ოპოზიციის შიგნით.

"გირჩის" ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი იაგო ხვიჩია ალეკო ელისაშვილის მსგავსად, მოლაპარაკებების ჩაშლის ერთ-ერთ მიზეზად "ევროპულ საქართველოს" ასახელებს.

"ჩვენი სიის პირველი ნომერი გახლდათ ზურა ჯაფარიძე და როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი მაგ პერიოდში თუ რამე კონტაქტი არსებობდა, არსებობდა "ოცნებასა" და ჯაფარიძეს შორის. ოცნების” წარმომადგენლებს როდესაც მერე მეც ველაპარაკე, მითხრეს, რომ ჩვენთან ჰქონდათ რაღაც ტიპის მოლაპარაკება, მაგრამ არა ჩემთან, არა მეგრელიშვილთან ან რაქვიაშვილთან, არამედ ამ შემთხვევაში ჯაფარიძესთან. “ოცნებიდან” მე ეს ინფორმაცია მივიღე. მე ზუსტად ვიცი, რომ ასეთ დროს პოლიტიკურ სპექტრში არსებობს კომუნიკაცია და ამაში არანაირი პრობლემა არ არსებობს. რა თქმა უნდა სხვა პარტიებსაც ჰქონდათ კომუნიკაცია "ოცნებასთან". მე არ შევხვედრივარ, მაგრამ მაგალითად,"ქართული ოცნების" წინადადება ჩემთან მოდიოდა ბადრი ჯაფარიძის გავლით. არის პარტიები, რომლებსაც უნდა შეთანხმება და არიან პარტიები, რომლებსაც არ უნდა შეთანხმება. ამ შეხვედრების შედეგად მივხვდით, რომ შეთანხმება უნდა ვაშაძის პარტიას, "ლელოს", მაგრამ შეთანხმება არ უნდა "ევროპულ საქართველოს". არ მინდა კრიტიკული ვიყო, უბრალოდ პოლიტიურად არ აწყობდათ შეთანხმება და ეს ჩემთვის მეორე-მესამე შეხვედრაზე ცხადი გახდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოდი ჯერ ყველას ერთად დაველაპარაკოთ და მერე სათითაოდ შევხვდეთ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან დესტრუქტორები და ხელს არ გვიშლიან საუბრის დროს "ევროპული საქართველოდან" შეხვედრებზე დადიოდნენ: გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, სერგი კაპანაძე და დავით ბაქრაძე,"- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას ოპოზიციაში გამოხმაურება მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ განცხადება, რომელიც საჯაროდ არ კეთდება, ზიანს ვერ მიაყენებს ოპოზიციის ერთობას.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ "გირჩის" და
"მოქალაქეების" პარტიას თავიანთი დღის წესრიგი აქვს, რომელიც ოპოზიციას ხელს არ უშლის. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ სხვა მოლაპარაკებები და მანიპულაციები ხელისუფლების ნარატივში ჯდება.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილის თქმით, მისმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოლაპარაკებები რამე შედეგამდე მისულიყო.

"ევროპულმა საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებები რაიმე შედეგამდე მისულიყო. რაც შეეხება ხვიჩიას და ელისაშვილის განცხადებას ეს მათ უნდა ვკითხოთ საიდან მოიტანეს, ეტყობა სხვა მოლაპარაკებებზე დადიოდნენ. ელისაშვილისგან, მას შემდეგ რაც მან ორი კობახიძე აღმოაჩინა, არაფერი გვიკვირს. ის ადამიანი, რომელიც ფეხს შედგამს ამ პარლამენტში, წყვეტს არსებობას, როგორც ოპოზიციური პოლიტიკოსი,"-აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.

​პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ იაგო ხვიჩიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებობს პარტია, რომელსაც არ სურს შეთანხმება შედგეს.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ის, რაც ახლა ოპოზიციაში ხდება, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში შესვლა უნდა.

"ერთგვარი ზეწოლა სულ ორი პოლიტიკური ცენტრისგან და ლიდერისგან არსებობს ესენი არიან "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა". ამომრჩეველმა დააფიქსირა, რომ ახალ ძალებს აქვს განვითარების შანსი და ყოველგვარი პოლიტიკური სამართლებრივი და არგუმენტების გარეშე ვიღაცები მაინც უარს ამბობენ შემოსვლაზე. აქ ადგილი აქვს მორალურ შანტაჟს,"-აცხადებს ბექა დავითულიანი.

დღის ამბები